
სენაკის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, კობა ნაყოფია ზუგდიდში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, ზვიად გამსახურდიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლა ისტორია მეორდება.
ისტორია მეორდება მეგობრებო, დღეს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს, მაშინ თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, საქართველოში დაბრუნდა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ის დღეს საპყრობილეშია. ის არის დღეს პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი, მაგრამ ჩვენ ვერც ზუგდიდი, ვერც სენაკი, ვერავინ, ვერც საქართველო, ვერასდროს დავუშვებთ და ვერ გავიმეორებთ იმ შეცდომას და ის ძალიან მალე შემოუერთდება ჩვენს ბრძოლას, ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, - თქვა კობა ნაყოფიამ.
ამ წუთებში ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.