მიმართვა საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებს - manifest.ge -ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საზოგადოება შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, შეხვედრისა და გამოსავლის გზებზე მსჯელობისკენ:
"ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურზე ქართველი ამომრჩეველი უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში მიდის. საზოგადოება გახლეჩილია და რთულია შერიგებისათვის საჭირო საერთო წერტილების მოძიება. ვითარებას აუარესებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა, რაც თითქმის ერთი თვეა გრძელდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ცხადია, რომ ფატალური შედეგის დადგომის შემთხვევაში, ქვეყანა შესაძლოა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დადგეს. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ჩვენ, საზოგადოებამ ერთად უნდა ვეძიოთ.
შექმნილ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, ურთიერთ-მტრობის და პოლარიზაციის შემცირებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა იმ ადამიანის ჩართვაც, რომელთაც ინსტიტუციურად ნეიტრალური და ობიექტური როლის შესრულება შეუძლია. ამ მიზნების მიღწევისთვის, უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის პრეზიდენტს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არ ექვემდებარე პარტიულ ინტერესებს და მისი პირდაპირი კონსტიტუციური მოვალეობაა ქვეყნის ერთიანობასა და ეროვნულ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მის წინამორბედთან (მეოთხე პრეზიდენტთან) ერთად, უნდა დაიწყოს აქტიური დიალოგი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების კონსოლიდაციის გზებზე, რა დროსაც დისკუსიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი მესამე პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა და შიმშილობა უნდა იყოს. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა ამ პროცესში საზოგადოება ჩართონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოვიდნენ" - ნათქვამია მიმართვაში