
ევროპის სახალხო პარტია(EPP), არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
EPP შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მმართველი პარტია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს არ ასრულებს და პოლარიზაციასა და ძალადობას აგრძელებს.
პარტია ასევე შეშფოთებულია ყოფილი სამართალდამცველებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ "რეპრესიების ახალი ტალღით".
EPP მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საფრთხე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება, დაძაბულობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს ადგილობრივ კოალიციურ მთავრობას და წერს რომ ეს შესაძლოა კარგი მოდელი იყოს სამომავლოდ ნაციონალური კოალიციური მთავრობისთვის:
"მაშინ, როცა საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უახლოვდება, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მმართველი პარტია, ქართული ოცნება არ ასრულებს წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და აგრძელებს პოლარიზაციის, ძალადობისა და სიძულვილის ენის ხელშეწყობას.
ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რეპრესიების ახალი ტალღით ყოფილი სამართალდამცველებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ასევე შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, პოლარიზაციასა და დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტონ ოპონენტების დევნა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჩრდილოვან კაბინეტს, ადგილობრივი კოალიციური მთავრობის, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერის კანდიდატებმა წარადგინეს. ინიციატივას, რომელიც აერთიანებს 6 ოპოზიციურ პარტიას, მეორე ტურის წინ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში.
ეს არის პოზიტიური გზავნილი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და შესაძლოა, იყოს ეფექტური მოდელი ნაციონალური კოალიციური მთავრობისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.