იფსოს გლობალთან პარტნიორობის გაწყვეტასთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ არსებობს კორუფციული გარიგების საფუძვლიანი ეჭვი და დადგენილია კონკრეტული პირის ვინაობაც
"მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს და სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაციას იღებს ქართული ოცნების ბრიფინგიდან. რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთილსინდისიერი ქმედება" ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, მთავარი არხი მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
გარდა ამისა, მთავარი არხი გაასაჩივრებ იფსოსის არაპარტნიორულ ქმედებებს კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით და მოითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებასა და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
შეგახსენებთ, "მთავარი არხი" იფსოს გლობალთან თანამშრომლობას წყვეტს.