ჯვარი ეწეროთ ღარიბაშვილს და ბრეგაძეს, რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს მიხეილ სააკაშვილს - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი შევიდა. 

მან დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხე შეექმნება, ამისთვის მმართველი გუნდი, მათ შორის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პასუხს აგებენ.

"ღმერთი არ გაუწყრეს ღარიბაშვილს და ბრეგაძეს, იმ ბრეგაძეს, რომლის პირობებშიც 10 დღის წინ ორი ადამიანი დაიწვა რუსთავის ციხეში და პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია, ჯვარი ეწეროთ ამ ადამიანებს მართლა, რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს მიხეილ სააკაშვილს. დარწმუნებული ვარ, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებიან ეს ადამიანებიც პირადად და ნუ ჰგონიათ, რომ მარტივად იქნება ან მარტივად არის", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ასევე მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობასა და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

"ხვალინდელი დღე არის ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და ხვალინდელი დღიდან, დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება იქნება ძალიან ახლოს. საათებია დარჩენილი იქამდე, სანამ მესამე პრეზიდენტი არის საპყრობილეში.

ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ პირობებს მესამე პრეზიდენტისთვის, ვითხოვთ იმას, რაც ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც უხარია ადამიანის სიკვდილი, მით უმეტეს მესამე პრეზიდენტის, ამ ადამიანების გამოც ვწუხვარ, რადგან მორალურ მდგომარეობას აქვს პრობლემა ან ფსიქოლოგიურს. თუ პატიმრის მოპარვით დაკავდება "ქართული ოცნება", რასაც არ გამოვრიცხავ, ადეკვატური რეაქცია მოყვება ამას ქართველი ხალხისგან", - თქვა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 29-ე დღეა, შიმშილობს. მან დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დღეიდან აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და არც ანალიზებს ჩააბარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი