უფასო კვება მოსწავლეებს და 50-ლარიანი დანამატი პენსიონერებს - ასეთია გიგი უგულავას მთავარი შეთავაზება ფოთელებისათვის. ახლა ქალაქში 6 000-მდე სკოლის მოსწავლეა, მათი ყოველდღიური გამოკვებისათვის სულ 2 მილიონი ლარია საჭირო, ფოთის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ამ თანხის მერიის ბიუჯეტში მოძიება თავისუფლად შეიძლება. 50-ლარიანი დანამატი კი 8 500 პენსიონერისთვის შვება იქნება.
ინიციატივა უკვე მზად არის, მაგრამ მის განსახორციელებლად ფოთის საკრებულოს მხარდაჭერაა საჭირო. საკრებულოს უმრავლესობა ახლა "ქართული ოცნების" დეპუტატებითაა დაკომპლექტებული. მმართველი პარტიიდან ფოთის საკრებულოს ახალ წარმომადგენლებს გიგი უგულავას გეგმაზე საუბარი არ სურთ, ამბობენ რომ მათ საკუთარი ინიციატივები და მერობის კანდიდატი ჰყავთ.
გეგმა, რომელიც შეღავათს ფაქტობრივად ფოთის ყველა ოჯახს მოუტანს, მზადაა, დადგენილი და გაწერილია საჭირო თანხების ოდენობაც. იქნება თუ არა უფასო კვება ფოთის საჯარო სკოლებში და გაიზრდება თუ არა პენსია, ახლა საკრებულოს იმ წევრებზეა დამოკიდებული, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ დაუჭერენ თუ არა მხარს გიგი უგულავას ინიციატივას მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში.