"...საქართველოს მთავრობის წევრები ვერ აცნობიერებენ, რამდენად დააზიანებენ ქვეყნის ტრანსატლანტიკურ მომავალს" - ილვესი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირთან პოლიტიკური პარტნიორობის დასრულების საფრთხე რეალურია. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენრიკ ილვესი საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილს უგზავნის - თუ "ქართული ოცნება" დღევანდელ პოლიტიკურ დისკურსს შეინარჩუნებს, ევროპა საქართველოზე ხელს ჩაიქნევს.

პრობლემების ჩამონათვალი, რომლებსაც ესტონელი პოლიტიკოსი საქართველოში ხედავს, საკმაოდ ვრცელია - დაწყებული მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით და საარჩევნო პროცესით გაგრძელებული.

ილვესი მიიჩნევს, რომ ევროპა იმედგაცრუებულია იმით, რასაც მოელოდა საქართველოსგან, მაგრამ მიიღო "ქართული ოცნებისგან", რომლის ლიდერებიც აგრძელებენ ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას, თუნდაც პრემიერმინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე გაკეთებული განცხადების მსგავსი დამოკიდებულებით.

ვფიქრობ, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ უცხო ქვეყნების საელჩოების საბოტაჟი, კომენტარების გაკეთება, რომ თუ მოკვდება, ეს მისი პრობლემაა, პატიმრის ადვოკატის დეპორტაცია, ასევე სხვა საკითხები, როგორიცაა დარღვევები არჩევნებზე, ერთად აღებული ეს ყველაფერი არც თუ სახარბიელო სურათს იძლევა. ჩემი აზრით, როდესაც ხალხი არჩევნებზე წავა, ამაზე უნდა იფიქროს.

მე ვერავის ვეტყვი, ვის უნდა მისცეს ხმა, მაგრამ მინდა ხალხმა იცოდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდება და ამ ქვეყნის შანსები მცირდება. ჩემთვის ეს დიდი ტრაგედიაა, რომ ამდენი მცდელობის შემდეგ, ამდენი ინვესტიციის ჩადების შემდეგ ამ ქვეყანაში, ყველაფერი წყალში იყდება და მთავრობა ახლა აშკარად ანტიდასავლურ გზას ადგას. საქართველოს მთავრობა თვლის, რომ მე სააკაშვილის მომხრე ვარ. ეს ასე არ არის. მე საქართველოს მომხრე ვარ და მინდა, რომ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი ჰქონდეს, მაგრამ ახლა ის სხვა მიმართულებით მიდის. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ბევრი ადამიანი მეტყვის ევროპაში, ხომ გეუბნებოდით, რომ ეს დროის და ენერგიის ტყუილად ხარჯვა იყოო. ჩემთვის ეს ძალიან დამთრგუნველია.

ასეთ განცხადებებს არა დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებები, არამედ დიქტატორული რეჟიმები აკეთებენ. შთაბეჭდილება მექმნება, რომ საქართველოს მთავრობის წევრები ვერ აცნობიერებენ, რამდენად შორს მიდის ეს ყველაფერი და რამდენად აზიანებენ ისინი საქართველოს ტრანსატლანტიკურ მომავალს. ბოლო ინფორმაცია, რაც გავიგე, იყო ის, რომ სააკაშვილის ადვოკატი იქნა დეპორტირებული და მსგავსი შემთხვევები მართლაც უწყობს ხელს იმას, რომ დასავლეთში ხალხმა ხელი ჩაიქნიოს და თქვას, რომ საქართველოსგან არაფერი გამოვა.

ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებები არ იქნება დაფუძნებული საქართველოში ჩატარებულ გამოკითხვებზე, არამედ დაფუძნებული იქნება მთავრობის ქმედებებზე. ეს არის ის, რაც ბევრ ქვეყანაში არ ესმით. როდესაც ქვეყანა ნატოში წევრიანდება, ეს ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება მეხუთე პუნქტი, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ყველა წევრი სახელმწიფო იცავს, თუ მას თავს დაესხნენ. მე ამწუთას ვერ ვხედავ ვერც ერთ ნატოს ქვეყანას, ვერც ერთ პრემიერს ან პრეზიდენტს, რომელიც თანახმა იქნება, რომ არადემოკრატიული ქვეყანა დაიცვას. ამას უნდა შეეგუოთ.

თქვენ შეგიძლიათ, ყველანაირ ბინძურ ხერხს მიმართოთ, რომ დარჩეთ ხელისუფლებაში, მაგრამ ამით ვერავის მოატყუებთ. თუ შეამჩნიეთ, ბოლო თვეებში სულ უფრო და უფრო ნაკლებ ქვეყანას ანაღვლებს საქართველო და ამიტომ თქვენს ქვეყანას სულ უფრო და უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა. ეს შეიძლება საქართველოს ჩამოწერით დასრულდეს და ეს თქვენი მთავრობის ბრალი იქნება. და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა შედეგები აქვს თქვენთან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას.

ახლა აღარ არის 2007 ან 2008 წელი და ევროკავშირსა და ნატოს გაცილებით ბევრი საფიქრალი აქვთ, ვიდრე საქართველოა. თქვენი ქვეყანა აღარ სარგებლობს ევროპის ისეთი სიმპათიით, როგორითაც სარგებლობდა 13-14 წლის წინ. მან ნელ-ნელა გაფლანგა ეს რწმენა. ძალიან ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ეს არის რეალობა.

ევროკავშირი და ნატო სააკაშვილის პერიოდს სერიოზულად აღიქვამდნენ, ახლა კი, თუ თურქმენეთისკენ მიდიხართ, ადამიანები დასავლეთში უბრალოდ მხრებს აიჩეჩავენ. მიზეზი, რატომაც აკრიტიკებდნენ სააკაშვილს, არის ის, რომ დასავლეთი თვლიდა, რომ საქართველოს ჰქონდა შანსი. დღეს კი ასეთი კრიტიკა რომ არ ისმის, ეს არ არის კმაყოფილების მაჩვენებელი. პირიქით, დასავლეთში თვლიან, რომ ამ ქვეყნიდან არაფერი გამოვა, - ამბობს ილვესი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი