უმუშევრად დარჩენილი ხელოვანები - ხელოვნების სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა

გამოქვეყნდა:

ეპიდემიის პირობებში კულტურის ყველა დარგი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სახელოვნებო სივრცეები, ყველა სხვა ობიექტს შორის, პირველი დაიკეტა და მათი გახსნა ყველაზე ბოლოს იგეგმება.

საგამოფენო გალერეებს, საკონცერტო დარბაზებსა და თეატრალურ სცენებს მომავალში სამოქმედო გეგმაც კი არ აქვთ, რადგანაც მძიმე რეგულაციების პირობებში საკუთარი საქმიანობა ვერ წარმოუდგენიათ. სხვა სფეროებზე მორგებული რეგულაციების შესრულება სახელოვნებო სივრცისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა

სამი თვეა თეატრებში მაყურებელი არ მისულა, არც რეპეტიციები გამართულა და არც კონკრეტული თარიღი არსებობს, როდის გაიხსნება სახელოვნებო სივრცე.  

გაჩერებულია ქართული ნაციონალური ბალეტიც, თუ არ ჩავთვლით სუხიშვილების ახალ ონლაინ პროექტს, რომელშიც დასი მთლიანად არ არის ჩართული. მსოფლიო ტურნე, რომელიც მთელ წელს უნდა გაგრძელებულიყო, პანდემიამ შეაჩერა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხელოვნების სფერო მოექცა. პირადად ჩვენ მოგვიწია გასტროლის შეწყვეტა, მარტის შუაში დავბრუნდით ქვეყანაში და წავედით კარანტინში. აღმოჩნდა, რომ ივლისამდე ვერ დავიწყებთ რეპეტიციას.

ფინანსურ საკითხზეც ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო სსიპ ვართ, ძალიან მწირი ბიუჯეტი გვაქვს, ძირითადად დამატებით შემოსავლებზე ვარსებობდით, - ამბობს "სუხიშვილების" მმართველი დირექტორი ნინო სუხიშვილი

დაკეტილია ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრი. რთული პირობების მიუხედავად ნინო ანანიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან კონკრეტული მითითებების მიღების შემდეგ, დასი ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალ სეზონზე მაყურებელს ღირსეულად შეხვდეს. 

რომელიღაც თეატრები შეეცადნენ ძალიან, პროგრამა შეიმუშავეს და დაიწყეს ნელნელა დასების შეყვანა. შეიძლება ისინი უფრო მომზადებული იყვნენ. ჩვენ ახლა ჩამოგვივიდა დირექტივები, ამ დირექტივების შესრულება ძალიან ძნელია, - ამბობს ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი

საქართველოში კულტურის სფეროს დიდი ზიანი მიაყენა კოვიდ 19-მა - ამას ონლაინ პლატფორმა "შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევების" ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და სამოქმედო გეგმას მალე გაახმაურებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი