"ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში!" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ბათუმელებს

გამოქვეყნდა:

"ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში!" - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს. მისი განცხადება ზღვისპირა ქალაქში მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ წაიკითხა.

მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს! მოგესალმებით კოალიციურ ერთობას! ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!

ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ. თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის.

ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ! თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი.

ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ! აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში! ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი წევს აღარასდროს უნდა დაეშვას! - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 33 დღეა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი