ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის დაბრუნება ქართულ ციხეებში - იუსტიციის მინისტრი ნინო ლომჯარიას უმწვავესი ანგარიშის პასუხად, ომბუდსმენს პროკურატურაში დაბარებას უანონსებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ომბუდსმენმა და მისმა წარმომადგენლებმა უნდა დაასახელონ ის კონკრეტული ე.წ. მაყურებლები, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ციხეებს მართავენ. წულუკიანი უარყოფს მსგავსი ფაქტების არსებობას და ამბობს, რომ ომბუდსმენისგან ჭორებიც მოისმინა, მინისტრმა სახალხო დამცველის აპარატს პროფესიონალიზმსაც უწუნებს.
"ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც, მოვისმინეთ კიდევ ბევრი იმგვარი რამ რაც თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება. იმედი მაქვს ვალდებულად იგრძნობთ თავს დაასახელოთ, ე.წ. მაყურებელი პატიმარი, გვარი სახელი, ვინ ვის მოსთხოვა, იმიტომ რომ თქვენ გარჩევებსაც აღწერთ, ზედაპირულად მაგრამ აღწერთ, თუ აღწერთ ე.ი შეესწარით კიდეც, თუ არ შეესწარით, ვიღაცამ მოგაწოდათ, თქვენ არ გაქვთ უფლება დაფაროთ დანაშაული, მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან,"- განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის გაღიზიანება მოჰყვა იმ პრობლემებს, რომელზეც სახალხო დამცველი პარლამენტში საუბრობდა. ნინო ლომჯარიას წარმომადგენლებმა, მონიტორინგი, სასჯელაღსრულების 4 დაწესებულებაში ჩაატარეს. მათ შორის 2 დახურული და 2 ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებაა. შედეგები მართლაც შოკისმომგვრელია. ყველა ამ დაწესებულებაში, საგანგაშო ფორმები მიიღო მაყურებლებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ინსტიტუტის გაძლიერებამ, რომლებიც პატიმრებისთვის დარიცხული თანხების ჩათვლით ყველაფერს აკონტროლებენ.
"შევარჩიეთ ოთხი ყველაზე დიდი დაწესებულება და ჩვენმა მონიტორინგმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებელი არსებობს,როგორც ღია ტიპის ასევე დახურულ დაწესებულებაში, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ, საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, ეუბნებიან პატიმრებს, რომ არ დაწერონ საჩივრები და თვითონ მოუგვარებენ პრობლემებს.ხშირად აქვს ადგილი გარიყვას, დაშინებას, ზეწოლას და იძულებას, რომ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. საერთოს შეკრებაში. გვახსოვს 2013-2015 წლებში მძიმე შემთხვევები ,როდესაც კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და სამი პატიმრის გარდაცვალება ასეთი გარჩევის დროს,":-აცხადებს ნინო ლომჯარია.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ საქართველოს ციხეებში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტია უზრუნველყოფილი. კილაძე არ ეთანხმება ომბუდსმენის ანგარიშში ხაზგასმითაღნიშნულ ფაქტს, რომ ციხეს კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ.