
ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანი წითლიძის განცხადებით, ხალხის არჩეული მერი, უკიდურესად მძიმე სოციალური ვითარების მიუხედავად, ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.
წითლიძის განმარტებით, ზუგდიდის მერმა სამშენებლო კომპანია ”ემკვადრატს” წინასწარი გარიგების საფუძველზე ვალდებულებით გათვალისწინებული პირობები შეუცვალა და ყინულის სახლის დემონტაჟი ამ დრომდე არ მოუხდენია.
გეგა შენგელიას პირადი კორუფციული დაინტერესებით სატენდერო პირობები შეიცვალა და ხელშეკრულებაში, ყველა ის ვალდებულება, რომლებიც უნდა შეესრულებინა "ემკვადრატს", უბრალოდ აღარ არის. რაც ნიშნავს, რომ მერის ამ გადაწყვეტილებით ზუგდიდის ბიუჯეტმა უკვე იზარალა 300 ათასი ლარით.
ჩვენი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ემკვადრატს არ გადააქვს ყინულის სახლი, ის არ აპირებს პროფესიული კოლეჯის აშენებას და არანაირი ინვესტიციის განხორციელებას არ გეგმავს ამ ტერიტორიაზე, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომაზე ზუგდიდის საკრებულოში ანი წითლიძე.
ზუგდიდის მერი კი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტისთვის უფრო მომგებიანია.
ემკვადრატს დაეკისრა 8 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ინვესტიციის განხორციელება ნებართვის მიღებიდან 30 თვის ვადაში, ხოლო მერიას ვალდებულებაში დარჩა ყინულის სახლის დემონტაჟი, რომელშიც მერია ხარჯავს 300 ათას ლარს. ამ ქმედებით ჩვენ მივიღეთ გაცილებით მეტი ეფექტი მუნიციპალიტეტისთვის, ვიდრე მივიღებდით, იმ შემთხვევაში, რომ პირველი გზით წავსულიყავით, - ამბობს ზუგდიდის მერი გეგა შენგელია.