ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს - ამის შესახებ განცხადება მან თავად გააკეთა. როგორც ის ამბობს, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
"რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქის და მესამე პრეზიდენტის მიმართ...
არ მაინტერესებს რას იზამს ქართული ოცნება, რის საშუალებას მომცემს და რის არა, ჩემს ქვეყანაში საშუალებებს და უფლებებს ვიქმნი მე. ამიტომ მე ვარ აქ და ვიწყებ შიმშილობას". - ამბობს ხოშტარია
მისივე თქმით, შიმშილობა უკვე დაწყებული აქვს, დილიდან საკვები არ მიუღია და ამის შემდეგ მიიღებს მხოლოდ წყალს.
ხოშტარიას თქმით, კანონით არ აქვსთ მისი გაძევების უფლება, თუმცა არ გამორიცხავს არაფერს.
"ჩემი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იმიტომ, რომ სხვა ყველა შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკები არის დიდი და ამაზე მე არ ვსაუბრობ, ამაზე საუბრობს ომბუდსმენი. მას სჭირდება გარანტირებული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის პირობები და ეს არის სამოქალაქო კლინიკა. იქაც რომ გადავა, როდესაც ექიმები იტყვიან და თავად იტყვის, რომ მის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე, მაშინ მე შევწყვეტ შიმშილობას"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ