შეძლებს თუ არა ოპოზიცია, მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას - ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციური კოორდინაცია და ერთიანი ფრონტი მაჟორიტარულ ოლქებში გადამწყვეტია.
ოპოზიცია საუბრობს, რომ საჭიროა გარკვეული საერთო კოორდინაციის მიღწევა, რომ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება დაიდოს. ხაზგასმა კეთდება იმაზე, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციის ერთობას საფრთხე არ ემუქრება. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ოლქში უფრო მომგებიანია რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის ყოლა.
ევროპული საქართველოს პოზიციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაჟორიტარული ერთობა თბილისის მასშტაბით.
ქვეყნისთვის რისკების შესამცირებლად ივანიშვილის დამარცხებისას მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ტურში გაფორმდეს არსებითი უპირატესობა და გამარჯვება. ამას სჭირდება სპეციფიკურ ოლქებში, არა ყველგან, განსაკუთრებით თბილისში პირველივე ტურში გამარჯვება, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
ოპოზიციის მეორე ნაწილი საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე საკუთარი კანდიდატურების დაყენებას აპირებს - ამის შესახებ განცხადება ლელოს წევრებმა გააკეთეს.
ლელლოს გადაწყვეტილებაა, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში გვყავდეს ძლიერი კანდიდატი და ეს შეუწყობს ქართული ოცნების მაჟორიტარული კანდიდატების დამარცხებას ყველგან. მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, უნდა იყოს ოპოზიციას შორის კონსოლიდაცია ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ, - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
მმართველი პარტია ამბობს, რომ კომენტარებს ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე მხოლოდ მათი მხრიდან საზოგადოებისთვის გარკვეული პასუხის შემდეგ გააკეთებს.
ჯერ საზოგადოებას აუხსნან, ეს ჯგუფები რა ინტერესებით არიან გაერთიანებული და რა პერსპექტივას სთავაზობენ ქვეყნის განვითარებას. მე მგონია, რომ ეს პერსპექტივა არ აქვთ, ეს ჯგუფები არიან წარსულის ჯგუფები, არანაირი პერსპექტივა და მომავალი მათ საქმიანობას არ უკავშირდება, - ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და ცალკეული მცირე პოლიტიკური ძალები ჯერჯერობით ფიქრობენ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 2020-ის არჩევნებზე დამოუკიდებლად.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საჭიროა საკონსულტაციო შეხვედრების კვლავ გამართვა, რათა მაჟორიტარების თემაზე კონსესუსი იქნას მიღწეული.