დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში კორონავირუსით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ შორის 98.95% აუცრელი იყო.
"18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლის და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს დაცვა გახლავთ 97.8%. ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა", - აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას, გამყრელიძის თქმით, ამ მხრივ ვაქცინის ეფექტურობა 93.4%-ია.
"ასაკობრივად არის ეს დაყოფილი: 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91.7%, ხოლო 18-59 წლის ასაკში ეფექტურობა დაცვის ჰოსპიტალიზაციისგან არის ვაქცინაციის 95%", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 53 ადამიანი, 4 648 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 990 501 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 041 751 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. 3 ნოემბერს აიცრა 3 469 ადამიანი.