
"პირადად ნიკა მელიას დიდი ალბათობით შეიძლება მხარი დავუჭირო" - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, ნიკა მელია მისთვის "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლოს არ წარმოადგენს.
ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა მხადრაჭერაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
პირადად ნიკა მელიას დიდი ალბათობით შეიძლება მხარი დავუჭირო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებიდან შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს. მაგალითად, ვანო მერაბიშვილი,- განაცხადა ბურჯანაძემ.
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა "ნაციონალურ მოძრაობა" დიდ და სოლიდურ ძალად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩა დიდ და სოლიდურ ძალად. სოლიდურს ამ შემთხვევაში, მე ძლიერების თვალსაზრისით ვგულისხმობ ოპოზიციაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მომწონს, ან დამავიწყდა რაც არ მომწონდა,- აღნიშნა ბურჯანაძემ.