
თუ გულწრფელად სჯერათ, რომ ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების დაყენება მომგებიანი ფორმულაა, ამაზე საუბარი არავის დაუშლია - აცხადებს პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "დღის სტუმარში" საუბრისას.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური სუბიექტების რიტორიკა შეიცვალა და შესაბამისად, ეჭვი უჩნდება, რომ პარტიებს რაღაც სხვა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რაც გირჩის მოსაზრებით, ოპოზიციისა და მთლიანად ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება.
თუ მაგის მზაობა არის და თუ მართლა გულწრფელად სჯერათ იმის, რასაც თვეების განმავლობაში თვითონ ამბობდნენ მედიასთან, რომ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და მათ შორის, კანდიდატების ისე გადანაწილება, რომ არ დადგეს რეალობა, როცა კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ადგილას იმდენად მიუღებელია, რომ იქ არ უნდა დააყენო. თუ გულწრფელად სჯეროდათ, რომ ეს არის მომგებიანი ფიორმულა, აქამდეც უნდა გველაპარაკა და არც ახლა უშლის ვინმე, - აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
მისი თქმით, პრინციპული განსხვავება არსებობს პირველივე ტურში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ყოლასა და მეორე ტურში მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მხარდაჭერას შორის და ეს მეორე ვარიანტი, თუნდაც მათემატიკურად, დიდი პარტიებისთვის უფრო მომგებიანია.
ჯაფარიძის თქმით, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნებიან ინდივიდები მაჟორიტარულ კანდიდატებს შორის და ძალიან ბევრი რამ იქნება ამ ფაქტორზე დამოკიდებული.
გირჩის ლიდერი, მაჟორიტარად კენჭისყრის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კენჭს თბილისში, ვაკის რაიონში იყრის.