
"ჩვენ ვერ ვხედავთ ქმედით ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია და ასე გაგრძელება შეიცავს ძალიან დიდ რისკს", - ასეთ კომენტარს აკეთებს მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და ხელისუფლების მესამე პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაზე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას.
ელენე ხოშტარია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე სამი დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს ის პროტესტის ფორმას კიდევ უფრო გაამწვავებს.
"მე აბსოლუტურად რაციონალურად და მშვიდად ვმოქმედებ. ეს არაა უბრალოდ ემოციური პროტესტი. ცხადია, ემოციურად ძალიან მძიმეა იმის ყურება, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ადამიანის სიკვდილზე მიმდინარეობს მარჩიელობა, მოკვდება თუ არ მოკვდება... ჩემი მოთხოვნა არის აბსოლუტურდ რაციონალური, საღი აზრის ფარგლებში, რომ მოხდეს ისეთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მის [მიხეილ სააკაშვილის] სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. შესაბამისად, თუ სიტუაცია მივა იმ ზღვრამდე, რომ არ გადაიყვანენ და რისკები კიდევ უფრო გაიზრდება, დიახ, მე ვფიქრობ სიტუაციის ჩემი მხრიდან გამწვავებაზე, ეს რას გულისხმობს, საზოგადოებას გავაცნობ, როდესაც მივიღებ გადაწყვეტილებას", - ამბობს ელენე ხოშტარია.
რაც შეეხება კახა კუჭავასთან შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე მასთან მოსაკითხად მივიდა და პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობა 2 ნოემბერს დაიწყო.