
ოპოზიცია უწყვეტი აქციებისთვის ემზადება - პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ხვალ, 5 საათზე რუსთავის ციხესთან გაიმართება აქცია, რომელიც არ დაიშლება ვიდრე საქართველოს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.
როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, აქციები იქნება პერმანენტული და თანდათან მასში მთელი საქართველო ჩაერთვება.
"ხვალ ჩვენ რუსთავის ციხესთან ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა პატრიოტი თანამოქალაქე და ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ხვალ 5 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს. დამატებით გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით გაცნობებთ, ვინაიდან წინასწარ არ მაქვს სურვილი და არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში, მაგრამ არ ვიშლებით და პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო",- თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 36 დღეა შიმშილობს. "ოცნების" ხელისუფლებამ ის 1 ოქტომბერს დააკავა.