
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა მაჭუტაძემ მოინახულა. როგორც მაჭუტაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილი 36-დღიანი შიმშილობის შემდეგ სუსტადაა, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლისთვის მოტივირებულია.
მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად ეტყობა შიმშილობის შედეგები ფიზიკურად, გონებრივად იმყოფება ძალიან აქტიურ მოცემულობაში და ფორმაში. ვფიქრობ რომ, ეს პატიმრობა არის პატიმრობა ქართველი ხალხის. პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობა არის უკანონო, პოლიტიკური და სამართლებრივი ტყვეობა საქართველოს სახელმწიფოს - ამბობს მაჭუტაძე.
რუსთავის ციხესთან იმყოფებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან შენობაში არ შესულა ოპოზიციონერი, მურმან დუმბაძე. მან მართველ პარტიას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად ერთგვარი პირობები წამოუყენა.
ჩვენი ამოცანა არის ქვეყანა დამშვიდდეს. დამშვიდების გზა გადის მიხეილ სააკაშვილის დახსნაზე პუტინის ციხიდან. მოთხოვნა არი სამი. პირველი, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. მეორე, მას უნდა მიეცეს საქართველოშივე პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება. მესამე საქართველოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ყველა პირობა ერთდროულად უნდა შესრულდეს - ამბობს მურმან დუმბაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე 36-ე დღეა, შიმშილობს. "ოცნების" ხელისუფლებამ ის 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა.