დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში ისე ცხოვრობდა, რომ მათ შესახებ ძალოვანებმა არაფერი იცოდნენ - ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაცია ცხადს ხდის, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრები დაუცველია და უსაფრთხოების სამსახური ვერ ან არ აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
გუშინ გამთენიისას ბათუმში აეროპორტის დასახლებაში სპეცოპერაცია ერთდროულად ორ მისამართზე ჩატარდა. რამდენიმე წუთში დააკავეს თურქეთის ცხრა მოქალაქე, რომლებიც ადგილობრივებს უბრალოდ სტუმრები ეგონათ. დაკავებულების ნაწილი ამჟამად თბილისში, სუს-ის შენობაში იმყოფებიან, ნაწილი კი თბილისის მთავარ სამმართველოში.
ცხრა პირი საქართველოში, სავარაუდოდ, მდინარე ჭოროხის გავლით შემოიპარა თურქეთიდან. იგივე მარშრუტით, სოფელ მარადიდის ტერიტორიაზე შემოვიდნენ თავის დროს ტერორისტი ჩატაევი და მისი დაჯგუფებაც.
დამნაშავეთა დაჯგუფების შვიდი წევრი საქართველოში, დაახლოებით, 6 თვის წინ ჩამოვიდა, მათ შემდეგ იგივე გზა გამოიარა კიდევ ერთმა პირმა, რომელიც ბათუმში, ნაქირავებ სახლში მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. დაკავებულის მეუღლე მთავართან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ისინი მოქალაქეობის მიღების მიზნით ჩამოვიდნენ და იარაღის შესახებ არაფერი იცოდნენ.
უცნობია, იცოდნენ თუ არა საქართველოს სპეცსამსახურებმა დამნაშავეთა ჯგუფის საქართველოში ყოფნისა და მათი მიზნის შესახებ. ექსპერტებს შექმნილი ვითარება არ აკვირვებთ, მათი თქმით, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური მოშლილია.
რეალურად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელი მოვლენები ვითარდება ქვეყანაში და ამის ბევრი მაგალითი იყო ახლო წარსულში, დაწყებული ჩატაევის შემთხვევით. სახეზეა დეინსტიტუციონალიზებული შიდა უსაფთრთხოების სისტება, რაც სამომავლოდ სავარაუდოდ მეტ პროლემებს წარმოშობს, - ამბობს საქართველოს ატლანტიკის საბჭოს წარმომადგენელი ბათუ ქუთელია.
ასევე უცნობია, მარტო მოქმედებდნენ ისინი თუ ვინმე ეხმარებოდათ. დაკავებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რაც ოპოზიციაში ეჭვებს ამძაფრებს. მათი თქმით, ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ დამნაშავეებისთვის საქართველო კარგი თავშესაფარია.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათელი დასტურია იმისა, რომ რეალურად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. პულსი აღარ ესინჯება სახელმწიფოს ამ ხელისუფლების ხელში. ჩვენ გვახსოვს ამ ქვეყანაში ტერორისტები, ამ ქვეყანაში შემოსულები, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას უსაფრთხოება აღარ გააჩნია, - ამბობს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.
სახელმწიფო უსაფრთოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებული ცხრა პირი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააპატიმრებს, თუმცა მუხლი, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება და გამოძიებას მოუწევს პასუხი გასცეს მთავარ კითხვას - რისთვის სჭირდებოდათ მათ ცეცხლსასროლი იარაღი და რას გეგმავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.