პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე მეოთხე დღეა პარლამენტში შიმშილობს, ექიმმა მოინახულა.
როგორც მაია ცაავამ აღნიშნა, პოლიტიკოსი თავს ნორმალურად გრძნობს და მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
"პაციენტი გრძნობს თავს მხნედ. ამ ეტაპზე ჩივილები არ აქვს, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. შესაბამისი რეკომენდაციები მივეცი. ყოველდღიურად მოხდება მისი მონახულება და შეფასება მდგომარეობის", - თქვა ექიმმა.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის ამბობს, რო თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა არ შესრულდება, პროტესტის კიდევ უფრო მწვავე ფორმას მიმართავს
"კარგად ვარ, ყველა პარამეტრი ნორმაში მაქვს. ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ საფრთხე არ მოიხსნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და კონკრეტულად ამას სჭირდება როგორც ექიმები ამბობენ, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა. არათუ უკან დახევას არ ვაპირებ, თუ დიდხანს გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ უფრო დამძიმდება მიხეილ სააკაშვილი ვფიქრობ ფორმების გამწვავებაზე", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო, მისი ჯანმრთელობის დამძიმდა. ექიმები და ადვოკატები ამბობენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ იქნას მოთავსებული მრავალპროფილურ კლინიკაში. ამის მიუხედავად, ხელისუფლება პოზიციას ისევ არ ცვლის და მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობს, რომელიც ვერც მკურნალობისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ვერც მისი უსაფრთხოების დაცვისთვის.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები დღეს 17:00 საათზე, რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი ამბობენ, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი, აქცია არ შეწყდება.