
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ფაფები ჩანს, ექიმები აფასებენ. მათი თქმით, ეს პროდუქტები არ შეიცავს ზრდასრული ადამიანისთვის დამაკმაყოფილებელ კვებით ღირებულებებს და ის შიმშილობის პროტოკოლითაა გაწერილი.
"თუ სასჯელაღსრულებას აქვს ამ კადრების უწყვეტობა, ანუ მას შეუძლია დადოს, რომ ეს ადამიანი მუდმივად იღებდა დიდი რაოდენობით საკვებს, რომელებიც რა რაოდენობითაც არ უნდა მიიღო, ახლოსაც ვერ მივა იმ ენერგეტიკულ ღირებულებასთან, რომელიც ესაჭიროება პრეზიდენტის ასაკისა და წონის ადამიანს, უწყვეტ რეჟიმში აჩვენონ, როგორ იღებდა ამას პრეზიდენტი. მკვლელობაზე მივდივართ, თუ მას არაფერს არ მივცემთ, თუ მისი კუჭქვეშა ჯირკვალი არ იმუშავებს და არ მოხდება ინსულინის გამოსროლა, პირდაპირ ღია სიკვდილისკენ მოვუწოდებთ", - ამბობს პედიატრი ლალი ჯანაშია.
პროფესორ, ენდროკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის თქმით, ეს საკვები დანამატები პაციენტს ეძლევა, როგორც სპეციალური სამედიცინო ჩარევა, რათა არ დადგეს სავალალო შედეგები.
"ამ ფაფის მიცემა პაციენტისთვის დღეში ორჯერ 30-30 გრამის ოდენობით, ნიშნავს რას ერთადერთს, რომ აქ უკვე დგას ჰიპოპროტეინემია. მედპერსონალს ეს აქვს გაცნობიერებული და იმ საშიშროების გასანეიტრალებლად, რომ კიდევ არ დავარდეს ცილა, როგორც სავალდებულო სამედიცინო ჩარევა, ასეა მიცემული", - ამბობს ლალი ჯავაშვილი.
"ეს არ არის ჭამა, ჩათვალეთ ეს ისევა, როგორც სხვადასხვა მედიკამენტების მიღება... ეს არის სამედიცინო და შიმშილობის პროტოკოლში არსებული სქემებით დაცული საკვები ნივთიერებები", - ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე.
მისივე თქმით, "სიცოცხლის უფლება უფრო მაღლა დგას ვიდრე, სხვა უფლებები" და სწორედ ამიტომ არსებობს შიმშილობის პროტოკოლი, რათა არ მივიღოთ მძიმე შედეგები.
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა პაციენტის პირადი მონაცემების დარღვევით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც უწყების მტკიცებით მესამე პრეზიდენტი "იკვებება"
ავტორი: ზურა პეტროსიანი.