როგორ იყენებს "ოცნება" ადამიანებს და რა გზებით აგროვებს ხმებს | "მთავარმა" სუს-ის საიდუმლო ფაილები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

როგორ იყენებს ხელისუფლება ადამიანების რთულ მდგომარეობას საკუთარი მიზნებისთვის - საიდუმლო წყარომ სუსიდან ჩვენ მოგვაწოდა პირდაპირ სახელისუფლებო სტრუქტურების მიმოწერიდან ამოღებული დოკუმენტები. 

ეს არის პირობითი მსჯავრდებულების ძალიან გრძელი სიები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ათასობით გასამართლებულ პირს მოიცავს. 

ამ სიებს საარჩევნო შტატები უგზავნიან ხელმძღვანელ რგოლებს იმის გასარკვევად, თუ ვისი გამოყენება შეიძლება საარჩევნო მიზნებისთვის. სიებს სუსი ამოწმებს და შემდეგ გადაამისამართებს შესაბამის უწყებებთან, ვისაც ეხება პირობითი მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემცირება ან საერთოდ გაუქმება. 

დიახ, პირობით მსჯავრდებულებს უხსნიან ან უმსუბუქებენ სასჯელს, ან იწყალებენ არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ. 

ამ დოკუმენტებში, რომლებიც ჩვენ სუსიდან მოგვაწოდეს და რომლებსაც ახლა ნახავთ, ყველაზე საინტერესო ნაწილი ის შენიშვნებია, რომლებიც მსჯავრდებულების სახელის გასწვრივ არის მიწერილი. 

მაგალითად, ვიღაცას უწერია, რომ ის აქტიურად ეხმარება "ქართულ ოცნებას" და ამიტომ იმსახურებს პირობითი სასჯელის მოხსნას; ვიღაცას უწერია, რომ მისი და ავტორიტებული პიროვნებაა, რომლისგანაც დახმარება საარჩევნო კამპანის დროს ძალიან მნიშნვნელოვანია; ვიღაცას უწერია, რომ ის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, ოჯახშიც "ოცნების" ბევრი ამომრჩეველი ჰყავს და ამიტომ იმსახურებს სასჯელისგან გათავისუფლებას; ვიღაცას მარტივად უწერია, რომ "ოცნების" აქტივისტია და ამიტომაც უნდა მოეხსნას პირობითი და ა.შ. 

არის შემთხვევები, როდესაც პირობითი სასჯელი 5 წელს ითვალისწინებს, მსჯავრდებულს კი მხოლოდ 5 თვე აქვს მოხდილი და უკვე მის გათავისუფლებას ითხოვენ - მხოლოდ იმიტომ, რომ ის "ოცნების" მხარდამჭერია და საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება ხელისუფლებას. 

ასე ვაჭრობს "ქართული ოცნება" ადამიანების დანაშაულით, სასჯელით და თავისუფლებით და ვალდებულს ხდის მათ, ხელისუფლებაზე იმუშაონ. ხოლო ვისაც რაიმე შეხება აქვს ოპოზიციასთან, მას არც სასჯელის შემსუბუქება ეხება, არც გაუქმება და არც შეწყალება. 

ჩვენმა ჟურნალისტმა, გიორგი გვიშიანმა იპოვა საიდუმლო დოკუმენტებში მოხსენიებული ადამიანები და გადაამოწმა ფაილებში მოცემული ინფორმაციაც, რაც სიმართლე აღმოჩნდა. 

ნახეთ, როგორ იყენებს ხელისუფლება ადამიანებს და რა გზებით აგროვებს ამომრჩევლის ხმებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი