
ალტერნატიული სამედიცინო კომისია მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში დაუყონებლივ გადაყვანას ითხოვს. მედიკოსები ამბობენ, რომ აუცილებელია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, საჭიროა მუდმივი და დეტალური მონიტორინგი.
ექიმები პროგნოზირებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა მეორე თვეს ითვლის, ადეკვატური მკურნალობის გარეშე, ფატალური შედეგი გარდაუვალია.
"სჭირდება დიდი ხანია უკვე დაუყოვნებლივი გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში, დაუყოვნებლივ, იმიტომ, რომ თითოეულ წუთს, საათს აღარ, წუთს აქვს მნიშვნელობა, თუ არადა მოხდება ძალიან ცუდი რამ. იქ შესვლას ჩვენთვის უკვე, არც პაციენტისთვის არანაირი აზრი არ აქვს. იქ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, მთავარია, რომ პაციენტი იქნეს გამოყვანილი იქიდან და გადაყვანილი სადაც საჭიროა იქ, მერე უკვე ვნახოთ", - თქვა ენდოკრინოლოგმა, ლალი ჯავშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 39 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმა გასცა.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას. ამასთან, ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ექიმები და სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაწესებულება არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.