
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა "ვივამედის" ექიმები შევიდნენ.
სასჯელაღსრულების უწყების ცნობით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა სტაბილურად ფასდება და მედიკოსები მას მუდმივ მონიტორინგს უწევენ. იმის მიუხედავად, რომ საფრთხეებზე ყველა ღიად საუბრობს, სამინისტრო ჯიუტად იმეორებს, რომ სააკაშვილი კარგადაა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებელი არ იკლებს.
"განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ინფორმაციისთვის:5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.
პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 39 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმა გასცა.