"მიხეილ სააკაშვილზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა მედპერსონალის მხრიდან, ისმის გინება და რკინის ნივთების ხმაური" | ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ დროს შეიძლება გაანადგურონ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. მან განცხადება მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში გადაყვანასა და მის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნიკა გვარამიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, საბოლოოდ დაასრულა ავტორიტარიზმი და გადავიდა დიქტატურაში. მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს ციხიდან, რასაც სხვა არაფერი ქვია, თუ ადამიანის გატაცება. მიხეილ სააკაშვილი, ნაშიმშილარი პატიმარი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თუმცა მანაც უპასუხა ფიზიკურ ანგარიშწორებას, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია. მიხეილ სააკაშილი ასევე გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფების მსხვერპლი და მასზე ამ წუთებშიც 
მიმდინარეობს უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ციხის შინაგანაწესით და პენიტენციური რეგულაციებით, ციხეში 10:00 საათზე ქრება შუქი ყველა კამერაში და პატიმრებმა უნდა დაიძინონ, ამ წუთებამდე ანთებულია ყველა კამერა და ისმის გინება და რკინის ნივთების ხმაური. მიხეილ სააკაშვილი ჯერ გაატარეს ამ კორიდორში, მერე გადმოათრიეს მანქანიდან და ამ წუთებშიც, მის პალატაშიც ისე შედის ეს ხმა, როგორც გარეთ ისმის.

ფსიქოლოგიური ზეწოლა ასევე ხდება მედპერსონალის მხრიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და არა მხოლოდ მისი რწმენით, წარმოადგენენ თეთრხალათიან სპეცრაზმელებს. მიხეილ სააკაშვილის ინვაზიური ჩარევა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ბუნებრივია მის მიერ წინააღმდეგობა გაწეული იქნა, ბუნებრივია ამას მოჰყვა გარკვეული ნივთების დაზიანებები. ცხადია, რომ ადამიანი საკუთარი სიცოცხლის და თავისუფლების გადასარჩენად უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში როცა იმყოფება, ეს ვერ ჩაითვლება დანაშაულად, მითუმეტეს, როცა მასზე ხორციელდება თავდასხმა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, პენიტენციური სამსახური აპირებს, ამ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს დაუმძიმოს ბრალი.

ჩვენ მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან გამოქვეყნდეს პირველი, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრები, მეორე, გლდანის ციხეში მისი მიყვანის კადრები, მესამე, მისი მანქანიდან გადმოყვანის და ფიზიკური დაპირისპირების კადრები, მეოთხე მის პალატაში მიმდინარე ძალადობრივი ინვაზიის ამსახველი კადრები და სააკაშვილის პასუხი ამ ყველაფერზე.

ვადასტურებთ, რომ გარკვეული ტექნიკა არის დაზიანებული, თუმცა ადამიანი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ჩვენი დასკვნა არის მარტივი - მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი პატიმარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მისი სიცოცხლე არის დიდი რისკის ქვეშ, არა მის მიერ შიმშილობის გამო, იმის გამო, რომ რეალურად ციხის საავადმყოფოში მას კლავენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ.

ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გამოყვანას აღნიშნული დაწესებულებიდან და ხვალ აღნიშნული მოთხოვნით, ჩვენი სამართლებრივი გუნდი აპირებს, გამოყენოს საერთაშორისო ინსტრუმენტები, ამ მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, ნებისმიერ დროს ის შეიძლება იქნეს განადგურებული. იმ სტრესის პირობებში, რომელშიც მას აყენებენ, შეიძლება მის ფსიქიკას და მენტალურ შესაძლებლობებს ასევე მიადგეს შეუქცევადი ზიანი, შესაბამისად იგი ითხოვს ყველას მასობრივი, მშვიდობიანი, თანმიმდევრული პროტესტებისკენ, არა მის გადასარჩენად, არამედ იმ საშინელების თავიდან ასარიდებლად, რაც სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში, ამ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და სრულიად გასაგებია, რომ ქართულ ოცნებას ეს სჭირდება და აწყობს.

ამიტომაც მიშა მოუწოდებს ყველას, არ წამოეგონ პროვოკაციაზე, ეს ყველაფერი იყოს მშვიდობიანი, მასობრივი, პრინციპული, ყველას მონაწილეობით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, თუ მისდამი დამოკიდებულებისა და იგი აცნობიერებს რომ ეს მისი პირადი ბრძოლა არ არის. მისი პირადი ბრძოლა მას უკვე მოგებული აქვს, ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, მან უნდა მოიგოს ბრძოლა, არა სააკაშვილისთვის, არამედ თავისი ქვეყნისთვის, - თქვა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი