შიმშილობის მე-7 დღე - "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება და ის პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება, ის გააგრძელებს შიმშილობას. პოლიტიკოსის თქმით, გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტისთვის არის იმაზე დიდი საფრთხე, ვიდრე აქამდე იყო.
"რაც შეეხება ჩემი ბრძოლის ფორმას. მე ვთქვი თავიდანვე, რომ მე ვიშიმშილებ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. ვაგრძელებ შიმშილობას.
ერთადერთი რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს.
ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს. თუ მე, ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ არც დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით", - ამბობს ელენე ხოშტარია.
მისივე თქმით, თუ დღეს ამ ბრძოლაში სრული ენერგია არ ჩაიდება, "საქართველოს ყველა მოქალაქე დარჩება უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ".