"შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საუბრობს.
ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში გაეწიოს.
როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები, რომ მას საჭირო დახმარება გაეწიოს, ამიტომ მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. ასევე, მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს რეკომენდაციებს. მას უნდა მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, რადგან ყველგან ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგელბობა, რომ იზრუნოს პატიმრების მდგომარეობაზე და მათ დაცვაზე რაიმე სახის ძალადობისგან, - ამბობს კელი დეგნანი.
"ოცნების" ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა. 39 დღის განმავლობაში ის რუსთავის ციხეში იმყოფებოდა და შიმშილობდა, 8 ნოემბერს კი მესამე პრეზიდენტი მოტყუებით გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.