
ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პრობლემების დასაძლევად, ევროკავშირის ორგანიზებულ მოლაპარაკებებს არ უნდა ელოდონ. ევროპარლამენტარმა ეს განცხადება საიას მიერ ორგანიზებულ ვებინარზე გააკეთა.
მისი თქმით, რეფორმების გატარება ახლა ქართველ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული.
"იქნება თუ არა მედიაციის ახალი რაუნდი? ვიცი, რომ სპეკულაციაა არ უნდა დავიწყო და ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ არ ელოდოთ. ჩემი რჩევა იქნება, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს. ევროკავშირის მედიაციაში ჩართულობა 2020 წელს ძალიან ღრმა იყო, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა საკითხების გადაჭრა თავად უნდა დაიწყონ.
საქართველო ვერ იქნება ევროკავშირზე დამოკიდებული პოლიტიკურ პრობლემებზე, პოლარიზაციაზე, რეფორმებსა და საკითხებზე. ქართველ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, რომ საბოლოოდ პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და დაიწყონ რეფორმები. რეფორმებს, რომლებიც ელჩმა ჰარცელმა ახსენა, არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ძლიერი ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული დისკუსია სჭირდება",-თქვა მარია კალიურანდმა.
შეხვედრაზე ევროპარლამენტარმა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნები კონკურენტულად და კარგად ორგანიზებულად შეფასდა, თუმცა უნდა დაისვას კითხვა, იყო თუ არა ეს საკმარისი.