"მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ფრაზით - "მოხვედი ჩიტო" - მიმართა, "ქართული ოცნების" დეპუტატსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მინისტრ კახა კახიშვილს, არჩევნების დროს ეხმარებოდა.
კახიშვილის მინისტრობის დროს კი მან გოგა ორდენიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნა. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ორდენიძე კახიშვილის მეზობელი და ოჯახის წევრია.
თავად კახიშვილი "მთავარ არხთან" ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ორდენიძესთან ახლობლური კავშირი არ აქვს.
ვერც ერთ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, 5 წელი გავიდა. შემოწმებისას, მისი ბიოგრაფია არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს დანიშვნასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, დაინიშნა კიდეც. რომ ყოფილიყო დარღვევა, არავინ არ აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მინისტრი. გამოცდილი პოლიციელი იყო, მე მგონი განყოფილების უფროსიც იყო... სხვა არანაირი მეგობრული და ახლობლური ურთიერთობა არ მქონია, - თქვა კახა კახიშვილმა
ორდენიძე წლების წინ შსს-ში მუშაობდა, 2006 წელს, მაშინ, როცა ის ისანი სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი იყო, "მთავარის" ინფორმაციით, მცირე მეწარმეებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორდენიძემ სასჯელის მხოლოდ ნახევარი მოიხადა და ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა.