"ხვალ აქცია ერთდროულად 4 ადგილას გაიმართება... დაღლის და სახლში ჯდომის უფლება არ გვაქვს"... | ნიკა მელია სამოქმედო გეგმაზე

გამოქვეყნდა:

მიჩვეულები ვიყავით ერთ წერტილში ბრძოლას, ახლა ვაკეთებთ საპირისპიროს და თანდათანობით ეს წერტილები და ლოკაციები გაიზრდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. 

პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებს მან 10 ნოემბრის სამოქმედო გეგმა გააცნო და 4 სხვადასხვა ადგილზე აქცია დააანონსა. მელიამ თქვა, რომ აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ასევე, სუს-ის შენობასთან. თქვა ისიც, რომ მეოთხე ლოკაციას წინასწარ შეგნებულად არ ასახელებს. 

ხვალ, 10 ნოემბერს, 11 საათზე ერთდროულად აქცია 3 ადგილას გაიმართება - იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილსაც განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველდღე, - ამბობს მელია.

მელია ამბობს იმასაც, რომ ოპოზიცია და მიხიელ სააკაშვილის მხარდამჭერები ხვალ 13:00 საათზე საქალაქო სასამართლოში შეიკრიბებიან, სადაც წესით მესამე პრეზიდენტის სხდომა უნდა გაიმართოს. 

13:00 საათზე იქნება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო თუ რამე არ შეცვალეს გეგმაში, ჩემი მტერი ენდოს ამათ... წესით უნდა გადმოიყვანონ საქალაქო სასამართლოში. 11-საათიანი აქციების შემდეგ, როცა დადასტურდება, რომ სასამართლო არის 13:00 საათზე, ყველანი გადავალთ დიღომში. იქ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და შევინარჩუნოთ სიმშვიდე, - ამბობს მელია.

მისივე თქმით, იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი მე-40 და ელენე ხოშტარია მე-7 დღეა შიმშილობენ, ოპოზიციასა და საზოგადოებას "დაღლის და სახლში ჯდომის უფლება არ აქვს". 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი