
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი და ადამიანების უფლებადამცველი, გიორგი გოგია მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაყვანას ეხმაურება. თქვა, რომ ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც იძულებით მკურნალობა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
გიორგი გოგიამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა.
ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, უნდა განვიხილოთ, როგორც პატივისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ გადაჰყავთ იმ საავადმყოფოში, სადაც არ არის მაღალი სტანდარტების ჯანდაცვა ხელმისაწვდომი და არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც კონსილიუმმა დააყენა და მეორე, დაუშვებელია პატიმრის გადაყვანა თუნდაც საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ. ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც იძულებით მკურნალობა და ნიშანი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ის საათზე მეტხანს იყო გაუჩინარებული, ეს ასევე შეიძლება იქნას აღქმული მისი უფლებების დარღვევად, ოჯახის წევრმა და ადვოკატმა დაუყოვნებლივ და ყოველთვის უნდა იცოდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის თუ ოჯახის წევრის ადგილსამყოფელი. როცა ამ ინფორმაციას ითხოვდა ადვოკატი და ოჯახის წევრი და მას ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს, ესეც შეიძლება შეფასდეს როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებების დარღვევად, - თქვა გიორგი გოგიამ.