მესამე პრეზიდენტის დევნა და ავტორიტარიზმის საფრთხე | TDI-ის განცხადება

გამოქვეყნდა:

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. TDI წერს, რომ ბოლო თვეებში ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ "კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მანამდე არსებული სუსტი წონასწორობა ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა".

განცხადებაში საუბარია ხელისუფლების მხრიდან, უმცირესობების უფლებების დაცვაზე უარს, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობას, უკანონო მიყურადებას, ძალადობრივ და უთანასწორო საარჩევნო გარემოს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება.

TDI აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე მისი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტა და სახელმწიფოს გადარჩენა დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმისგან.

"ისედაც უკიდურესად დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა. ჩვენთვის აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. ამის თქმის საფუძველს იძლევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელების შეუფარავი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც, მათი მხრიდან, სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ გვიქმნიან წამოდგენას. ამის შესახებ კრიტიკულ კონტექსტში საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი. 

ხელისუფლების მხრიდან ვითარების მიზანმიმართული გამწვავება, მიხეილ სააკაშვილისთვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის თქმა, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი საპატიმროშივე უნდა გაიმართოს, მის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე უფლებადარღვევები: შემზარავი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სავარაუდო ძალადობა, დიდ ბარიერს აღმართავს ყველა მცდელობის წინაშე, დავუბრუნდეთ მშვიდ პოლიტიკურ გარემოს, ძირს უთხრის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ამ ვითარებაში, საფრთხე ექმნება თითოეული ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი