დღეს, 10 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციებზე დაკავებულების ნაწილი ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მათ შორის არისაა ორი სამოქალაქო აქტივისტი, ზვიად კუპრაძე და ბონდო თევდორაძე, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგა ონიანი.
ზვიად კუპრავას თქმით, დაკავების დროს ის დაშავდა. კერძოდ, მისი თქმით, პროტესტის ნიშნად, ის პოლიციის მანქანიდან გადახტა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო. ამ წუთებში, მასთან სასწრაფო დახმარების ექიმები შევიდნენ.
დაკავებულები ამბობენ, რომ ისინი რეჟიმის მსხვერპლი არიან, რომელიც ქვეყანაში მალე დასრულდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციაზე დაკავებულთა ნაწილი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.
ცნობისთვის, დღეს 11:00 საათზე, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სუს-სთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, და იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ჯამში 46 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.
აქციაზე შეკრებილები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მიტაცებული არჩევნების დაბრუნებას მოითხოვდნენ.