
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ Amnesty International-ის წყარო მცდარ ინფორმაციას აწვდის. თქვა, რომ წყაროებს შორის არიან სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
პირველივე წინადადებით რომ დავიწყოთ, "ხუთი კვირა შიმშილობს" - უკვე ტყუილია. ტყუილი მიაწოდეს კონკრეტულ ორგანიზაციას და მათაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ესაა რეალობა. პირველი წინადადებაში არის ტყუილი, ყველაფერ დანარჩენში არის ტყუილი. იტყუება არა კონკრეტული ორგანიზაცია, არამედ მისი წყარო, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
გავლენიანმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზანიზაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი გლდანის ციხეში გადაყვანასთა დაკავშირებით განცხადება, გუშინ 9 ნოემბერს გააკეთა. ორგანიზაცია წერს, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება "არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა".
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. მან იმავე საღამოს შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ. მთავრობის წარმომადგენლები კი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობდა და მას სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არ ესაჭიროებოდათ, თუმცა, ამბობდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.
ადვოკატების, ექიმებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულება, ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის პირობებს მის სამკურნალოდ, ამასთან აღნიშნავდნენ, რომ იქ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იმავე საღამოს პენიტენციურმა დაწესებულებამ კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს მესამე პრეზიდენტი ბარგს, უწყება ვიდეოთი ამტკიცებდა, რომ გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალა არ გამოყენებულა.
განსხვავებულ განცხადებას აკეთებს თავად მიხეილ სააკაშვილი. მასთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს და უთხრეს, რომ ის საქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადეს. მანქანიდან ის ძალით გადაიყვანეს და რამდენჯერმე კისერში ჩაარტყეს.