სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიშის გათვალისწინებით ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათი თქმით, აშკარაა, რომ ციხეებში დაბრუნდა ქურდული სამყარო. ამის გარდა, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებას ციხეში სწორედ ხელისუფლება ახალისებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს გაკეთებული განცხადებებით პენიტენციურ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გადაფარვა სცადა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის განცხადებაში მოყვანილი მაგალითები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ისინი პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ ობიექტური და სწრაფი გამოძების იმედი არ აქვთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, თეა წულუკიანი კრიმინალური სამყაროს ინტერესებს იცავს, რადგან მოახლოებულ არჩევნებში მათი მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„მთავარი ბოროტება რაც ხდება და ეს არის ხელისუფლების და კრიმინალური სამყაროს უნისონში მოქმედება და შეხმატკბილებული არსებობა. კრიმინალური სამყარო მართავს ისევ ქვეყანაში ციხეებს და რა თქმა უნდა, რომ თეა წულუკიანი კბილებით იცავს მათ ინტერესებს, იმიტომ, რომ კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერაზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება“ - განაცხადა სამადაშვილმა.
ქურდული სამყაროს გავლენის აღმოფხვრის საჭიროებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ოპოზიციონერი ლიდერისთვის ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობა მიუღებელია.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ოპოზიციის მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთებენ.