
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას ეხმაურება, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანას ასახავს.
"ვაჟკაცურად უწევს წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს! მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან. დილეგში, ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტი მოატყუეს და თავს დაესხნენ. გვიან გაიგო რომ გლდანში, კრიმინალებში მიჰყავდათ საწამებლად.
ათობით ტურა ახვევია თავს ... შემოახიეს ტანსაცმელი, იძალადეს, ახოხიალეს და ვერ გატეხეს!
მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიშას გულზე კიდია ხის ჯვარი. ჯვარი, რომელიც მეუფე ნიკოლოზმა გადასცა... კიდევ უფრო გაძლიერებული და თავდაჯერებულია. საქართველოს სიყვარული, ქართველი ხალხის სიყვარული და რწმენა აძლიერებს.
გულწრფელად ვდარდობ თითოეულზე, ვისაც რუსების მსგავსად გიხარიათ მესამე პრეზიდენტის ტყვეობა", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაყვანის კადრები გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. კადრებში ასევე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან.