მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მზაობას გამოთქვამს და დათქმებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

"მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ, მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

ერთ-ერთ მთავარ დათქმად მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ასახელებს,  რეაბილიტაციის პროცესისთვის - "როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სრულად: 

მივმართავ ყველა ქართველს,

ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღევანდელ დღემდე, მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია - ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას.

ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები. თუმცა, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება. იმდენად, რომ მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია მათ მიერ "საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების" საფარქვეშ.

შესაბამისად, მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი და დამფუძნებელი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსი, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი ოღონდ არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. მხოლოდ, შემდეგი დათქმით: შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი.

ამას გარდა, წარმოუდგენელია მე ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე ვისი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა.

ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარი და სპეცდანიშნულების დანაყოფები ამ ჰოსპიტალიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია.

შესაბამისად, ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებში ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს.

კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე. ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რასაც მე დავემორჩილები უპირობოდ და ასევე უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც.

ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ.

აქვე, მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვა, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი.

ხელისუფლება ჩამოშლილია. ახლა ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ჩვენი ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენ უნდა დავირაზმოთ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო ფართოდ უნდა გავშალოთ ჩვენი ერთიანი რიგები, ამ ბრძოლას საქართველო აუცილებლად მოიგებს.

P.S. - მივესალმები ჩემი მხარდაჭერი ინტერვიუს მიზეზით ოზურგეთის საავადმყოფოდან დათხოვნილ ექიმს, ლევან გოგუაძეს. ძმაო ლევან, შენი მომავალი ნათელია, შენთვის რეპრესიების მომწყობი ზონდერებისა კი - ბნელი და უკუნი. შენნაირ ხალხზე დგას საქართველოს ისტორია, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

მიხეილ სააკაშვილი, - ნათქვამია მიმართვაში.

ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეაბილიტაციაზე ზრუნვას მრავალპროფილურ კლინიკაში, უსაფრთხოების სრული დაცვით, სტრასბურგის სასამართლოც, გუშინდელი გადაწყვეტილებით ავალდებულებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი