დიპლომატიურ ენაზე ეს გზავნილი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინს ნიშნავს - ოპოზიცია კონგრესმენების მწვავე წერილზე

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. საქმე ეხება, მწვავე შინაარსის წერილს, რომელიც უცხოელმა დიპლომატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა ხელისუფლებას წერილის დამალვის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“  საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას უგულებელყოფს და პარლამენტის წინ რკინის ჯებირების აღმართვას უნდება.

„თვითონ წერილს კანცელარია არ ასაჯაროებს, აქაც ჩანს მათი დამოკიდებულება. საუბარია წერილში დემოკრატიის, ეკონომიკის ეროზიაზე, საუბარია იმაზე, რომ საქართველო სცილდება ნელ-ნელა ცივილიზებულ სამყაროს და ამის პასუხად, დღეს დილით „ქართული ოცნება“ პარლამენტის შემორაგვას გვთავაზობს, რაღაც სამხედრო კომუფლირებულ დაწესებულებას დაემსგავსა. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხი იმ საერთაშორისო შეშფოთებაზე, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურად ისმის უკვე სხვა და სხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან. ისევ ვიმეორებ, ეს არის უდიდესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ამასვე ელოდებიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც.

„როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისის ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, დიპლომატიურ ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. ჩვენი ამოცანა არის არჩევნების გზით შევცვალოთ ქვეყანაში ხელისუფლება. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არანაირი ნდობის კრედიტი აღარ აქვს არც აშშ-ში და არც ევროკავშირში, ეს ჩვენ კარგად დავინახეთ,“-განაცხადა  სამადაშვილმა.

მწვავე კრიტიკის შემცველი პირველი წერილი ადამ კიზინგერმა და ჯო კონოლიმ გიორგი გახარიას სახელზე დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაგზავნეს, ამ ჯერზე, კი წერილს ხელს უკვე ოთხი კონგრესმენი აწერს, მათ შორის, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ელიოტ ენგელიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი