"2 ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში, არ მესმის, როგორ შეიძლება ასე ჩუმად იყოს" - ოპოზიცია ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან მივიდნენ.

ისინი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და მისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვენ, რა გადაწყვეტილებაა მიღებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. 

შეხვედრისთვის მათ მინისტრ გარკვეული დრო მისცეს, თუმცა უწყებიდან ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებიათ.

"ჩვენ ვითხოვთ, გადარჩეს ადამიანი, რომელსაც ხელისუფლება აწამებს როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. ჩვენ ვუყურეთ მკვლელობას ადამიანის, რომელმაც სახელმწიფო შექმნა და კლავს ხელისუფლება, რომელმაც ყველა სახელწიფო ინსტიტუტი ფაქტიურად დაანგრია. ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას ჰოსპიტალიზებული პოლიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში", - თქვა ენმ-ის წევრმა სოფო ჯაფარიძემ.

ეკატერინე ტიკარაძის დუმილი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაუგებარია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძისთვისაც. მისი თქმით, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსიროს.

"წესით, ყველაზე ჰუმანური სამინისტრო ეს უნდა იყოს და ჯანდაცვის მინისტრის, რომელიც ამბობს, რომ ექიმია, ინტერესი უნდა იყოს სიცოცხლის გადარჩენა. მაგრამ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, სიჩუმე აღარ გამოვა უკვე, მან თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ეს პოზიცია დააფიქსირა თამარ გაბუნიამ, მისმა მოადგილემ, როდესაც თქვა, რომ სასჯელაღსრულების სამედიცინო ცენტრი გლდანში არ არის მრავალპროფილური. იქ, სადაც არის მიხეილ სააკაშვილი, იმ ფლიგელში არანაირი სამედიცინო აპარატურა არ არის, თავად მითხრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე ვიზრუნოთ. ორი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში - მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიასი, ამიტომ, მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება ასე ჩუმად იყოს", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

კიდევ ერთი აქცია ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს. ოპოზიცია იქ იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან ითხოვს შეხვედრას, თუმცა ბრეგაძე მათ მოთხოვნას არ გამოხმაურებია. 

აქციის გამო ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი