
აქტივისტები ხვალ, 13 ნოემბერს, ეროვნულ ბანკთან რამდენიმე რეგულაციის დარღვევას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე ვრცელდება. აქცია-პერფორმანსს შეუერთდება "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მისი წევრები და მხარდამჭერები.
"ინფლაციის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა, პროგნოზირებული წლიური 13.7%-ით. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის 'დამსახურებით' 100 000-ზე მეტ ადამიანს სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა.
სურსათის ფასი გასულ წელთან შედარებით 18.4%-ითაა გაზრდილი. ამ მოცემულობაში საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაწყვიტეს, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციები შემოიღონ. 13 ნოემბერს, 11:30-ზე ეროვნულ ბანკთან დემონსტრაციულად დავარღვევთ რამდენიმე აბსურდულ რეგულაციას:
- გავყიდით ყავას კრიპტოვალუტაზე და დოლარზე.
- 20 ადამიანს ვასესხებთ $5-ს, წლიურ 200%-ად.
და რაც მთავარია, გესაუბრებით რატომ აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწრაფ გამდიდრებაში",- ნათქვამია განცხადებაში.