
"გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დროისთვის პარტიის 11 წევრია დაკავებული, საიდანც ერთს 6-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.
გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, აუდიტის სამსახური "გირჩს" სასამართლოში უჩივის და სავარაუდოდ, პარტიის ანგარიშების დაყადაღებას ეცდება, ხოლო ანგარიშების გაუქმების გამო, უცხოეთიდან დონაციებს ვეღარ მიიღებს.
პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მიუხედავად ყველა არსებული პრობლემებისა, ის არ წყვეტს "ქართული ოცნებისა" და მისი უსაფრთხოების სამსახურისთვის დისკომფორტის შექმნას.
"ამ წუთის მდგომარეობით:
11 გირჩელია დაკავებული
ერთს 6 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი
დანარჩენები ელოდებიან განაჩენს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში
აუდიტის სამსახური სასამართლოში გვიჩივის და სავარაუდოდ პარტიის ანგარიშების დაყადაღებას ეცდება
ფეიფალმა მომწერა, საქართველოდან გვითხრეს რომ მაქაურ რეგულაციებს არღვევ და ამიტომ ანგარიშს გიუქმებთო (უცხოეთიდან დონაციებს მანდ ვიღებდი)", - წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 ნოემბერს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი და რეგიონული ოფისების შესასვლელები ავტომობილებით ჩაკეტეს.
პარტიის წევრებს სუს-ი შენობები პიკეტირებული ჰქონდათ შემდეგი მოთხოვნით: მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნები.
ამავე თემაზე:
"მიმართეთ პრეს-ცენტრს" -"გასეირნება" ევაკუატორით, დაუმორჩილებლობის აქცია, დაკავებები და ჯარიმები