"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას წერილს, რომელიც მან იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან შესვლის თაობაზე მიწერა, ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა და მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი უწოდა.
"ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა - ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ - მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?",-წერს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე სტატუსში წერს, რომ 2012 წლიდან საქართველოში მართლმსაჯულებამ წინსვლა განიცადა, მისი თქმით, "მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან, კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იკითხება".
"ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები.
თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს.
მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ",-წერს ირაკლი კობახიძე.
ანა ფოტიგამ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლაზე იუსტიციის მინისტრს წერილი 9 ნოემბერს მიწერა. წერილში ნათქვამია, რომ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილის მონახულება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სურდა.
ევროპარლამენტარი წერს: "წლების განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და არაერთხელ ვყოფილვარ ქვეყანაში სხვადასხვა თანამდებობებით. წარსულში, მე ასევე მოვითხოვე ყოფილი პოლიტპატიმრების მონახულება და ყოველთვის მაძლევდნენ ამის საშუალებას, რაც საქართველოს ხელისუფლების კეთილგანწყობისა და გამჭვირვალობის ნიშანი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაშიც იქნება დაცული".
ხელისუფლებამ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მისცა.