ციხის საავადმყოფოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მომენტში, ჟანგბადის გაყვანილობის სისტემა არ ჰქონდა - დოკუმენტაცია

გამოქვეყნდა:

ციხის უფუნქციო საავადმყოფოში, საიდანაც სამედიცინო სერვისები წლებია უკვე კერძო სექტორში იყო გადატანილი, მიხეილ სააკაშვილის შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეათრიეს სამედიცინო აპარატურა და მედიკამენტები.

"შაბათის მთავარმა" მოიპოვა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ამ შენობას, რომელსაც რატი ბრეგაძე თანამედროვე, მულტიფუნქციურ და მაღალი კვალიფიკაციის კლინიკას უწოდებს, მესამე პრეზიდენტის გადაყვანის მომენტში საერთოდ არ ჰქონდა ჟანგბადის სისტემა და მოშიმშილე პატიმარს უბრალოდ გაუმართლა, რომ ეს სისტემა ჯერ არ დასჭირდა.

"ჟანგბადის გაყვანილობის სისტემის გაუმართაობის გამო საფრთხე ექმნებოდა N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას."

ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა შესყიდვების სააგენტოს მიხეილ სააკაშვილის გლდანში იძულებით გადაყვანის შემდეგ გაუგზავნა. 

​დოკუმენტები "ევროპულმა საქართველომ" მოიპოვა. ბესო დონაძე ამბობს, რომ ახლა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა პასუხი უნდა გასცენ  კითხვას, რატომ გადაიყვანეს მესამე პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში, მაშინ როცა აპარატურის ნაწილი და ჟანგბადის სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი