
როგორ მუშაობს ღარიბაშვილების კლანი დედოფლისწყაროში, "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა საკუთარ თავზე გამოსცადა - პრემიერმინისტრის მშობლიური სახლის წინ ავტომობილის შეჯახება ორჯერ სცადეს. პირველად შავი ლექსუსის ჯიპი, რომელიც უხეში მანევრით ტროტუარს მოუახლოვდა და დარტყმა სცადა, პრემიერ მინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის პირად საკუთრებაშია.
თეთრი ლენდ კრუიზერის ჯიპს კი, რომელიც მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, დიდი სისწრაფით დაიძრა და სულ რამდენიმე სანტიმეტრით აგვცდა, ირაკლი ღარიბაშვილის დეიდაშვილი, ზურაბ გონაშვილი იგივე "კაკაშა" მართავდა.
ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიურ მხარეში ერთი მიზნით ჩავედით, რომ პრემიერის მშობლებისთვის გვეკითხა საიდან ჰქონდათ 150 000 ლარი, რომელიც დეკლარაციის თანახმად, შვილს ბოლო პერიოდში აჩუქეს.
როგორც ჩანს, ეს საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილების თეთრი სასახლის ბინადრების მყუდროება დაგვერღვია და საშველად მაშინვე კაკაშას მოუხმეს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი