"სირცხვილიას" ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატაშვილი ამ წუთებში ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
მისი ადვოკატი ლელა ბჟალავა აცხადებს, რომ დაკავების დროს პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა. უფლებადამცველის თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდნენ კურატაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ.
აქტივისტი გუშინ, 13 ნოემბერს იმ დროს დააკავეს, როდესაც რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ბათუმის სუს-ის შენობასთან მდუმარე აქციის გამართვას გეგმავდა. აქცია დაწყებული არ იყო, რამდენიმე პოლიციელმა კი აქტივისტი ძალის გამოყენებით დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. დაკავებულს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ავტორი: თეა ვაშალომიძე