„ქართული ოცნების“ არაადეკვატური რეაქცია კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე - მმართველი პარტიის წევრებისთვის საქართველოს დასავლელი პარტნიორების შეშფოთება და უკმაყოფილება გაუგებარი აღმოჩნდა. ირკვევა, რომ უმრავლესობის ცალკეულ წევრებს ამერიკის კონგრესი და ევროპარლამენტი ერთმანეთშიც კი ერევათ.
„ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, კონგრესმენები ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ არაინფორმირებულები არიან, რის გამოც მან საგარეო საქმეთა უწყების მუშაობა ეჭვქვეშ დააყენა. მისი თქმით, საზღვარგარეთ საელჩოები სათანადოდ ვერ მუშაობენ და საერთაშორისო პარტნიორებს რეალურ ინფორმაციას ვერ აწვდიან.
„ცალკეული შეცდომაში შეყვანილი, ან და დაინტერესებული რაღაცა ინტერესებიდან გამომდინარე, კონგრესმენების გარკვეული მნიშვნელობა შეიძლება რომელიღაცა ტელევიზიისათვის და რომელიღაცა პოლიტიკური ორგანიზაციისათვის ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ კონგრესის, ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებებს, საქართველოში საელჩოს განცხადებებს და იცით რა განცხადებებიც გააკეთა ელჩის შემსრულებელმა და ა.შ. ამიტომ მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთა შორის სახელმწიფოების სტრუქტურების პოზიციებს და არა ცალკეული პიროვნებების,“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
თანაგუნდელის აზრს იზიარებს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.
„შეიძლება მათი პოზიციები განსხვავებული იყოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ცხადია, თითოეული, მაგრამ ცხადია, მთავარი ამ შემთხვევაში არის ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აშშ-ს მხრიდან გააჩნია,“- განაცხადა იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები კონგრესმენების წერილის გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობენ. დამოუკიდებელი კანონმდებლები ხელისუფლებას ამ გზავნილების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
„ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მეგობრები და შესაბამისად, ისინი კრიტიკას იქნება, თუ ქების სიტყვებს აგზავნიან სწორედ იმიტომ, რომ მათი მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს დემოკრატიული განვითარების გზიდან,“- განაცხადა „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, ლევან კობერიძემ.
ამერიკელმა კონგრესმენებმა კრიტიკის შემცველი წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოაგზავნეს, თუმცა არც გიორგი გახარიას და არც მისი აპარატის წევრებს აღნიშნული წერილი ამ დრომდე არ გაუსაჯაროებიათ.