9 ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს- საგანგებო განცხადება ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ენმ-ს ერთ ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ გააკეთა.
შიმშილობას პარლამენტის შენობაში იწყებენ დეპუტატები: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.
"კარგად მოგეხსენებათ საქართველოში შექმნილი ვითარება. ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 45-ე დღეა შიმშილობს. მას ჯანმრთელობასთან ადეკვატური სამედიცინო სერვისები არ მიწოდება. ასევე შიმშილობს ჩვენი კოლეგა, ელენე ხოშტარია. ამიტომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ამ ეტაპზე, 9 პარლამენტის წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით - ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები, გადაყვანილ იქნას მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც მათ მიერვე შექმნილმა კონსილიუმმა მიიღო, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნას" - განაცხადა დავით კირკიტაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ უკვე მე-12 დღეა პარლამენტში შიმშილობს ელენე ხოშტარიაც.