"პოსტ-ფაქტუმს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედი წევრი ფარულად დაუკავშირდა. მან გადაწყვიტა იმ ურთულეს ვითარებაზე ლაპარაკი, რომელიც მის უწყებაშია გამეფებული.
თქვენ ახლა მოისმენთ მის მონაყოლს და ნახავთ ბაზიდან გამოტანილ კადრებს, თვითონ სამართალდამცავების ხელით გადაღებულს. იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყანაში, როგორც ექცევიან მესამე პრეზიდენტს თუ რიგით მოქალაქეებს, მან აუცილებლად ჩათვალა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ისიც, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო სამართალდამცველებს.
უვარგისი საკვები, რომელსაც პოლიციელებს კი არ ურიგებენ... პირდაპირ ეზოში, ასფალტზე უყრიან, როგორც ცხოველებს, და შემდეგ პოლიციელები მიდიან და თავთავის წილს იღებენ. - ნახავთ თქვენ ამას ახლა კადრებში. - იმასაც მოისმენთ, რა საძაგლობას აჭმევენ ამ ადამიანებს.
ამას ემატება უხარისხო ტანისამოსი, რომელიც რამდენიმე რეცხვასაც კი ვერ უძლებს; დაბალი ანაზღაურება - სამართალდამცველები იძულებულნი არიან პარალელურად სხვაგანაც იმუშაონ. მაგალითად, ბევრი მათგანი სამსახურის შემდეგ ტაქსაობს.
უკმაყოფილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სულ უფრო იზრდება და გროვდება. ვინაიდან ჩვენთან მოსული პოლიციელი უწყების მოქმედი წევრია, ჩვენ მის იდენტობას ვერ გაგიმხელთ - სახე დაფარულია, ხმა შეცვლილი.
თუმცა, ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ადამიანებს სულ ცოტაც სჭირდებათ იმისთვის, რომ ღიად და დაუფარავად დაუპირისპირდნენ სისტემას. როგორც გითხარით, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში დეპარტამენტი უკვე რამდენიმე ათეულმა პირმა დატოვა.