"ოცნება" ევროპის წინააღმდეგ | ხელისუფლების სწრაფვა რუსეთისკენ

გამოქვეყნდა:

შეშფოთების დრო აღარ არის, დასავლეთი უკვე აღშფოთებული და გაოცებულია - "ქართულმა ოცნებამ" უკვე მთლად ღიად განაცხადა, რომ ევროპული ღირებულებები მას არ აინტერესებს და დასავლეთის წარმომადგენლებს მტრებად თვლის. 

შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, როგორც ლაპარაკობს და როგორც ექცევა ხელისუფლება დასავლეთის წარმომადგენლებს, ასე უნდა ექცეოდეს საქართველო, წესით, კრემლის წარმომადგენლებს. მაგრამ პუტინის მეგობრებს "ქართული ოცნება" ფიანდაზებით ხვდება. 

ევროპელებს კრიმინალების მფარველებად მოიხსენიებენ! პუტინზე და კადიროვზე რას ფიქრობენ, ძალიან მაინტერესებს, მათზე ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობა მთლიანად ადგილობრივი კრიმინალების მხარდაჭერაზე დგას და ყველაზე მეტად ხელისუფლების შეცვლის სწორედ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს ეშინიათ, იმიტომ, რომ იციან, რომ "ოცნების" დასრულებასთან ერთად მათი პარპაშიც დასრულდება. 

გავრილოვის მასპინძლები ევროპელებს ეძახიან კრიმინალების მფარველებს! როდესაც ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილთან, უბრალოდ, არ შეუშვეს - ფოტიგამ თქვა, რომ მხოლოდ იმიტომ ერიდება თავისი შეფასების სრული სიმძაფრით გამოხატვას, რომ ჯერ კიდევ უფრთხილდება საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შანსს, ოღონდ თუ ასეთი შანსი უკვე საერთოდ არსებობს. 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცენტრალური აზიის დესპოტური მმართველობის გზას დაადგა და აქ ევროკავშირის საჭიროება საერთოდ აღარ არის. 

აღარაფერი აღარ დარჩა - მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადება, რომ საქართველო რუსეთს უერთდება. "ქართულმა ოცნებამ" ეს, ფაქტობრივად, უკვე გვითხრა. ევროპასთან მიღწეული შეთანხმებები გადახეულია. გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის გაფორმებაღა დარჩა. "ოცნება" მალე ამასაც გააკეთებს.

ავტორი: ანა ასათიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი